დემოტური დამწერლობა [რედაქტირება]
დაახლოებით ძვ. წ. 650 წლისათვის კიდევ ერთი, იეროგლიფებისაგან მოხაზულობით მკვეთრად განსხვავებული შრიფტი განვითარდა, რომელსაც დემოტურს, ან „სახალხო დამწერლობას“ უწოდებდნენ. დემოტური დამწერლობა თავიდანვე გამოიყენებოდა ოფიციალური დოკუმენტებისათვის და მოქმედებდა IV-V საუკუნეებამდე. კოპტურ დამწერლობაში, რომელიც ბერძნული ანბანისაგან შეიქმნა, 8 ნიშნის ფორმა სწორედ დემოტური შრიფტისაგანაა აღებული.
წერის მიმართულება [რედაქტირება]
თავდაპირველად იეროგლიფები სვეტებში ზემოდან ქვემოთ და მარჯვნიდან მარცხნივ იწერებოდა, თუმცა დამწერლობის გრაფიკული საფუძველიდან გამომდინარე, წერის მიმართულების შეცვლა ხშირი იყო. იშვიათ შემთხვევებში გვხვდება ბუსტროფედონის სახით (პირველი ხაზი მარცხნიდან მარჯვნივ, მეორე – მარჯვნიდან მარცხნივ...) შესრულებული ტექსტები. ნაწერის მიმართულების დადგენა მარტივია: ყველა ნიშანი ტექსტის დასაწყისისკენ იყურება; თუკი იეროგლიფები მარჯვნისაკენაა შეტრიალებული, ე. ი. ტექსტი მარჯვნიდან მარცხნივ იკითხება. ყველაზე ნათლად ეს ცხოველის ან ადამიანის ფორმის გამოსახულებებით ირკვევა, რომლებიც ეგვიპტურ იეროგლიფებში მრავლადაა.
სიტყვების ერთმანეთისაგან გამოყოფა ეგვიპტურად წერისას მიღებული არ იყო. სიტყვის ბოლოს ხშირად სიტყვის დასრულების აღმნიშვნელი დეტერმინატივი მიგვანიშნებდა.
კურსივი იეროგლიფები [რედაქტირება]
ძველი სამეფოს პერიოდის დასასრულს იერატიკულ დამწერლობას გამოეყო ახალი წერის ფორმა, ე. წ. კურსივი იეროგლიფები. ეგვიპტური დამწერლობის ეს სახე, მიუხედავად იმისა რომ იერატიკულისაგან განვითარდა, უფრო ახლოს იდგა მოხაზულობით თავდაპირველიეროგლიფებთან. მე–20 დინასტიამდე რელიგიური და საკრალური ტექსტები სწორედ ამ შრიფტით იწერებოდა, შემდეგ კი იერატიკულმა ჩაანაცვლა.